თქვენთვის, თუ ღამის საათებში მუშაობთ



საქართველოს შრომის კოდექსი განსაკუთრებულ მითითებას იძლევა ღამის სამუშაოზე დასაქმებულთათვის, ვინაიდან ღამით ადამიანის ორგანიზმი ღამით გაცილებით მგრძნობიარედ რეაგირებს გარემოს ცვლილებებზე და შესაბამისად, მაღალია ჯანმრთელობის დაზიანების რისკი.

რა ითვლება ღამის სამუშაოდ?

"ღამის სამუშაოზე დასაქმებული არის ნებისმიერი პირი, რომელიც ღამის დროის განმავლობაში ჩვეულებრივ მუშაობს არანაკლებ სამი საათი და ნებისმიერი პირი, რომელიც წლიური სამუშაო დროის განსაზღვრულ პროპორციულ ნაწილს მუშაობს ღამის დროის განმავლობაში."

ღამის სამუშაო გულისხმობს 22 საათიდან 6 საათამდე პერიოდს და თუ თქვენ ამ პერიოდის განმალობაში მინიმუმ 3 საათი მუშაობთ, მიიჩნევა რომ ხართ ღამის სამუშაოზე დასაქმებული.

რისი მოთხოვნის უფლება გაქვთ?

თქვენი მოთხოვნის შემთხვევაში დამსაქმებელი ვალდებულია საკუთარი ხარჯით უზრუნველყოს თქვენთვის წინასწარი და შემდგომი პერიოდული სამედიცინო შემოწმების ჩატარება კონფიდენციალურობის პრინციპის დაცვით.

„ღამის სამუშაოებზე დასაქმებულებს უფლება აქვთ სამუშაოზე მიღებამდე და შემდგომ რეგულარულად გამოიკვლიონ თავისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უფასოდ და ჯანმრთელობის პრობლემების შემთხვევაში, გადაყვანილ იქნან, რამდენადაც ეს შესაძლებელია, დღის სამუშაოზე მათთვის შესაფერის სამუშაო ადგილზე.“ 

რა დანიშნულება აქვს პრაქტიკაში ამ ჩანაწერს?

დამსაქმებელი ვალდებულია მის სამუშაო სივრცეში შენარჩუნოს უსაფრთხო და ჯანსაღი გარემო, იმისთვის რომ დასაქმებულს ან ნებისმიერ სხვა პირს, სამუშაოს შესრულებისას, არ შეექმნას ჯანმრთელობის პრობლემები.

თუ დასაქმებულს აქვს რაიმე სახის ჯანმრთელობის პრობლემა, რამაც შეიძლება ხელი შეუშალოს სამუშაოს შესრულებაში, დამსაქმებელი ვალდებულია შესაძლებლობის ფარგლებში შეუქმნას მას ხელსაყრელი გარემო, შეუთავსოს ფუნქცია-მოვალეობები, რომელიც არ დაამძიმებს მის მდგომარეობას.

ამასთან შრომის კოდექსის 28-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, თუ პირი ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების გამო ვერ ახერხებს ღამის სამუშაოს შესრულებას, შესაძლებლობის შემთხვევაში დამსაქმებელმა იგი უნდა გადაიყვანოს მისთვის შესაფერის დღის სამუშაოზე.

აღნიშნული ინფორმაციის გაცვლით, დავის წარმოშობის შემთხვევაში, ორივე მხარეს ექნება ბერკეტი მტკიცებულების სახით ჰქონდა თუ არა დასაქმებულს რაიმე სახის პრობლემები შრომითი ურთიერთობის დაწყებამდე, თუ სამუშაო პირობებმა გამოიწვია მისთვის ჯანმრთელობის გაუარესება. 

ვის არ შეუძლია ღამის სამუშაოზე მუშაობა?

აკრძალულია ღამის სამუშაოზე დასაქმდეს: 

  • არასრულწლოვანი,
  • ორსული,
  • ახალნამშობიარები,
  • მეძუძური ქალი,
  • შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი,
  • ან პირი, რომელსაც ჰყავს 3 წლამდე ბავშვი, მისი თანხმობის გარეშე.

„შედეგად ღამით მუშაობის ხანგრძლივობა, მათ შორის ზეგანაკვეთურიც, უნდა შეიზღუდოს და გათვალისწინებული უნდა იყოს, რომ დამსაქმებელი, რომლებიც რეგულარულად იყენებენ ღამით დასაქმებულთა შრომას, აცნობონ ამის შესახებ კომპეტენტურ უწყებას მათი მოთხოვნის შემთხვევაში.“

 აღმოაჩინეთ შრომის სამართლის აკადემიის მიერ მომზადებული ვიდეორგოლების სერია, სამუშაო ადგილას თქვენი მენტალური და ფიზიკური ჯანმრთელობის დასაცავად

#შენთვის, თუ გსურს ჯანსაღი სამუშაო გარემო

იხილეთ სრული პროგრამა ლინკზე: 



შპს „შრომის სამართლის აკადემია“
მადლობას გიხდით თანამშრომლობისთვის და 
გისურვებთ წარმატებებს და უსაფრთხო სამუშაო გარემოს!

Comments