ვის მივმართოთ შრომითი უფლებების დარღვევის შემთვევხაში?

„შრომის ინსპექციის სამსახურის მიზანია შრომითი ნორმების ეფექტიანი გამოყენების უზრუნველყოფა.“

შრომის კანონმდებლობის რეფორმის ფარგლებში ცვლილებები განიცადა შრომის ინსპექციის სამსახურმა, რომლის მიზანს შრომითი უფლებების დარღვევის ფაქტების გამოვლენა და პრევენცია წარმოადგენს. ინსპექცია უფლებამოსილია განახორციელოს საქართველოს შრომის კანონმდებლობით გარანტირებული ყველა უფლების ზედამხედველობა და გამოიყენოს შესაბამისი ადმინისტრაციული სახდელები.

ინსპექციას ენიჭება უფლებამოსილება დღისა და ღამის ნებისმიერ მონაკვეთში, წინასწარი შეტყობინების გარეშე, შევიდეს ინსპექტირებისადმი დაქვემდებარებულ ნებისმიერ სამუშაო ადგილზე, თუ აქვს გონივრული ეჭვი, იმისა, რომ არსებობს იძულებითი შრომის ან შრომითი ექსპლუატაციის შემთხვევა, რაც შეიძლება მოიცავდეს როგორც ანტიდისკრიმინაციულ საკითხებს, ასევე სამუშაო დროის, დასვენების და შესვენების დროის, შრომის ანაზღაურების საკითებს და სხვ.

სასამართლოსგან განსხვავებით შრომის ინსპექცია უფლების დარღვევამდე ახდენს შესაძლო დარღვევის პრევენციას, მაშინ, როდესაც სასამართლო უკვე დარღვეული უფლებების დაცვას უზრუნველყოფს.

შრომის ინსპექციის შესახებ კანონის მე-13 მუხლის თანახმად, ინსპექტირების დაწყების საფუძვლებია: დაინტერესებული პირის საჩივარი, საკუთარი ინიციატივა, საქართველოს მთავრობის დადგენილების შესაბამისად და „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით დადგენილი ნორმების დარღვევის თაობაზე ნებისმიერი იდენტიფიცირებადი პირის შეტყობინების გზით.

დასაქმებულს უფლება აქვს ანონიმურად მიმართოს შრომის ინსპექციას დარღვევის ფაქტის არსებობის შემთხვევაში.

საქართველოს შრომის კოდექსის მე-18 თავი, კანონით გათვალისწინებული ნორმების დარღვევის შემთხვევაში, განსაზღვრავს სანქციების ოდენობასაც, რომელიც ითვალისწინებს გაფრთხილებას ან დაჯარიმებას. 

ფიზიკური პირის შემთხვევაში − არანაკლებ 200-დან 800 ლარის ოდენობით. დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული დამსაქმებლის შემთხვევაში კანონი ითვალისწინებს 800 დან 1000 ლარამდე ჯარიმას.

შრომის კოდექსი ასევე ითვალისწინებს დარღვევის დამამძიმებელ გარემოებებსაც, კერძოდ, არასრულწლოვანის, ორსული ქალის ან შშმ პირის მიმართ განხორციელებული დარღვევა გამოიწვევს სანქციების ორმაგი ოდენობით დაკისრებას, ასევე პირდაპირი და არაპირდაპირი დისკრიმინაციისა და იძულებითი შრომის ფაქტების გამოვლენის შემთხვევაში კანონი ითვალისწინებს ჯარიმას სამმაგი ოდენობით.

ნორმების დარღვევისთვის სახდელის სახით შესაძლოა გამოყენებულ იქნას გაფრთხილება, ჯარიმა ან სამუშაო პროცესის შეჩერება.

შრომის ინსპექციას შეგიძლიათ მიმართოთ:

მის: მიხეილ თამარაშვილის ქ. 15ა, თბილისი

ელ-ფოსტა: infolio@moh.gov.ge

ტელ: 1575

 აღმოაჩინეთ შრომის სამართლის აკადემიის მიერ მომზადებული ვიდეორგოლების სერია, სამუშაო ადგილას თქვენი მენტალური და ფიზიკური ჯანმრთელობის დასაცავად


 #შენთვის, თუ გსურს ჯანსაღი სამუშაო გარემო

იხილეთ სრული პროგრამა ლინკზე: 



შპს „შრომის სამართლის აკადემია“
მადლობას გიხდით თანამშრომლობისთვის და 
გისურვებთ წარმატებებს და უსაფრთხო სამუშაო გარემოს!

Comments