თქვენთვის, როდესაც ზეგანაკვეთურად მუშაობთ
არაგონივრულად ხანგრძლივი სამუშაო დრო გავლენას ახდენს პირის შრომით უნარებზე, იწვევს გადაღლას, რაც უარყოფითად აისახება დასაქმებულის ჯანმრთელობაზე, და პროდუქტიულობაზე.
ეს საკითხი ჯერ კიდევ 1948 წლის ადამიანის უფლებათა
საყოველთაო დეკლარაციის 24-ე მუხლში იყო გათვალისწინებული, რომლის მიხედვითაც, ყოველ
ადამიანს აქვს დასვენებისა და თავისუფალი დროის გამოყენების უფლება, სამუშაო დღის გონივრული
შეზღუდვისა და ანაზღაურებადი პერიოდული შვებულების გამოყენების უფლების ჩათვლით.
კვირის განმავლობაში მაქსიმალური სამუშაო დრო უნდა შეადგენდეს 40 საათს. ისეთი საწარმოებისთვის, რომელიც საჭიროებს უწყვეტ რეჟიმში მუშაობას და რომლის დარღვევაც გამოიწვევს საწარმოო პროცესის შეფერხებას - 48 საათს, ამასთან კომპანიაში უნდა იყოს უწყვეტი 8 საათზე მეტი ხანგრძლივობის რეჟიმი და ეს უწყვეტობა მნიშვნელოვნად უნდა განაპირობებდეს საწარმოს ნორმალურ ფუნქციონირებას.
სამუშაო დროში ასევე მოიაზრება თუ სამუშაოს შესასრულებლად გვჭირდება ტანისამოსის გამოცვლა, უნიფორმის ან დამცავი აღჭურვილობის გამოყენება.
ზეგანაკვეთური სამუშაო გულიხსმობს მხარეთა შეთანხმებით
დასაქმებულის მიერ სამუშაოს შესრულებას დროის იმ მონაკვეთში, რომლის ხანგრძლივობა აღემატება
ნორმირებულ სამუშაო დროს. თუ დადგენილი 40 საათის ზემოთ გვიწევს მუშაობა ნებისმიერი
დამატებითი საათი უნდა ანაზღაურდეს შრომის ანაზღაურების საათობრივი განაკვეთის გაზრდილი
ოდენობით. საქართველოს კანონმდებლობით არ არის ზუსტად დადგენილი პროცენტული ოდენობა
თუმცა საერთაშორისო სტანდარტით 115% გაზრდილი ოდენობით ანაზღაურდება ზეგანაკვეთური
საათები.
მხარეები შეიძლება შეთანხმდნენ დასაქმებულისთვის ზეგანაკვეთური
სამუშაოს ანაზღაურების სანაცვლოდ პროპორციული დამატებითი დასვენების დროის მიცემაზე.
არსებობს ორი სახის გამონაკლისი ამ წესიდან როდესაც დასაქმებული
ვალდებულია შეასრულოს ზეგანაკვეთური სამუშაო ესენია:
ა) სტიქიური უბედურების თავიდან ასაცილებლად ან/და მისი
შედეგების ლიკვიდაციისთვის − ზეგანაკვეთური ანაზღაურების გარეშე;
ბ) საწარმოო ავარიის თავიდან ასაცილებლად ან/და მისი
შედეგების ლიკვიდაციისთვის − ზეგანაკვეთური ანაზღაურებით.
ზეგანაკვეთურ სამუშაოზე დამსაქმებელს არ შეუძლია გამუშავოთ თქვენი თანხმობის გარეშე თუ ხართ: ორსული, ახალნამშობიარები ან მეძუძური ქალი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი, არასრულწლოვანი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის კანონიერი წარმომადგენელი, მხარდამჭერი ან გყავთ 3 წლამდე ბავშვი.
აღმოაჩინეთ შრომის სამართლის აკადემიის მიერ მომზადებული ვიდეორგოლების სერია, სამუშაო ადგილას თქვენი მენტალური და ფიზიკური ჯანმრთელობის დასაცავად
#შენთვის, თუ გსურს ჯანსაღი სამუშაო გარემო
Comments
Post a Comment